ქვიშხეთში ყოველ წელს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, აღინიშნება ერთ-ერთი ტრადიციული ლამაზი დღესასწაული, მთაწმინდობა.
ადრე ეკლესიის გვერდით, აშენებული იყო პატარა ხის სადგომი,რომელსაც საქალებოს ეძახდნენ, ქალები აქ ათევდნენ ღამეს, მამაკაცები-ცალკე.
მთაწმინდის ეკლესია ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, საიდანაც უმშვენიერესი ხედი იშლება. ეკლესია სოფლიდან სამი კილომეტრითაა დაშორებული.
მთაწმინდობის დღესასწაულზე მთელი საქართველოდან ჩამოდიოდნენ სტუმრები. მათ მოჰყვებოდათუამრავი მედუდუკეთა თუ მეზურნეთა დასტა.
ამ დღისათვის ყველა ოჯახში იკვეთებოდა შესაწირი, იშლებოდა სუფრა, მიწვეულ სტუმართა საკმაოდ დიდი ნაწილი "მთაწმინდისაკენ" მიეშურებოდა.
"მთაწმინდობა" დღეს ოჯახებიდან, ვინც შეკვეთილები იყვნენ, თეთრებსა და წითელ სამოსში გამოწყობილები, ადიოდნენ ტაძარში და ლოცულობდნენ, აჰქონდათ ხატები.
გადმოცემით, უფრო ადრეულ წლებში, ბოლშევიკური რეჟიმის დაწყებამდე, დღესასწაულის დროს, დიმიტრი ყიფიანის ეზოშიც იშლებოდა რამდენიმე რიგად მაგიდა და დიმიტრის უმცროსი ვაჟი კოტე მასპინძლობდა სტუმრებს. შემდგომ წლებშ ი, დღეობის სწორს, მომდევნო ხუთშაბათს, კიდევ უფრო მეტი ხალხი ადიოდა სალოცავზე, ისევ იკვლებოდა საკლავი, ზოგჯერ ცოცხლად უშვებდნენ ცხვარს, ქათამს, მამალს და უმასპინძლდებოდნენ ხელმოკლე და გაჭირვებულ ხალხს.
დღეს ეს დღესასწაული ოდნავ შეცვლილი ფორმით ისევ გრძელდება. 1970-იან წლებში შეაკეთეს ეკლესიის დაზიანებული ადგილები და აღადგინეს. ამ საპატიო საქმეს თავკაცობდა ვანო ციმაკურიძე, მას მხარში ედგნენ გრიგოლ ჯაფარიძე, თენგიზ და ვანო გიგიტაშვილები, კაკო რობაქიძე. მათ ეხმარებოდა სოფლის ახალგაზრდობა.
თუმცა დაწვრილებით ინფორმაცია მთაწმინდობისა და მთაწმინდის ტაძრის შესახებ არ მოიპოვება. გადმოცემით, ადრეულ საუკუნეებში, ამ მთაზე, პატარა კელიაში განდეგილი ბერი ცხოვრობდა, დღევანდელი ტაძარი გასულ საუკუნეშია აშენებული. სამწუხაროდ, ათეული წლების განმავლობაში ტაძარში წირვა-ლოცვა არ აღევლინებოდა. დღეს კი, საბედნიეროდ, დაარსდა მამათა მონასტერი და ტაძარი კვლავ ფუნქციონირებს, რეგულარულად მიმდინარეობს წირვა-ლოცვა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გასაძლიერებლად.
- ქვიშხეთის მკვიდრნი იხსენებენ, რომ სუმბათაშვილებიდან მთაწმინდამდე გვირაბი ფუნქციონირებდა, რომლის შუა ნაწილის ნაშთები კოშკის უბანში აღმოაჩინეს
- სოფლის მცხოვრებლები სხვა ლეგენდებსაც ყვებიან "მთაწმინდისა" და "მთაწმინდობის" შესახებ. სწამთ და სჯერათ, რომ მისი მადლი დაიფარავს და ძალას მისცემს სოფლის მკვიდრთ და თავად სოფელს. ისინი ყოველთვის დიდი სიყვარულითა და მოწიწებით გააგრძელებენ წინაპართა ტრადიციას - პატივი მიაგონ "მთაწმინდის" მადლმოსილ ტაძარს.
0 коммент.:
Отправить комментарий