30 წელი გავიდა ქვიშხეთის მინდორზე მომხდარი ბრძოლის შემდეგ. საქართველოში ისევ მონღოლები ბატონობდნენ. 1289 წლის დასაწყისში, აღმოსავლეთ საქართველოს მეფე, დემეტრე მეორე, შემდგომში თავდადებულად წოდებული, არღუნ ყაენმა ურდოში დაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ მეფემ იცოდა, სიკვდილით დასჯიდნენ მაინც მტკიცედ გადაწყვიტა ურდოში წასვლა : ,, მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არა დავიშლი უდროსა წასვლას, “ - განუცხადა მან სამეფო დარბაზის წევრებს.
1289 წლის 12 მარტს ქართველთა, მეფეს, დემეტრე II–ს მტკვრის პირას, მოვაკანში, არღუნ ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.
როგორც ქართველი მეისტორიე მოგვითხრობს, ყაენს სრულიადაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი მეფის სიკვდილით დასჯა. მაგრამ მეფის ამირსპასალარმა ხუტლუ-ბუღამ, რომელსაც მამის, სადუნ მანკაბერდელის სიკვდილის შემდეგ დემეტრე IIათაბაგობაც არ უწყალობა, ყაენი დაარწმუნდა: ,, ნუ იურვი (ე.ი. ნუ სწუხარ) მაგას (როგორც ჩანს ყაენს ვერ გადაეწყვიტა მეფის სიკვდილით დასჯა, რადგან მას, ის გარემოება აშინებდა, რომ საქართველოში მეფედ მის შემცვლელს ვერ იშოვიდა ) რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითისი, სახელით ვახტანგ და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს.“
არღუნ ყაენს ეს რჩევა მოეწონა და ჟამთააღმწერლის თქმით, დემეტრე II –ს ბედიც გადაწყდა.
მეფის სიკვდილის დასჯის შემდეგ ყაენმა ,,მოუწოდა ხუტლუ-ბუღა და ქუა: ,, აჰა მოსვრენ ყოველი მტერნი ჩემნი და მტერიცა შენი მეფე დიმიტრი, და აწ მეფე არღარა. ამისრულე რომელი აღმითქმი, მოიყვანე ძე აფხაზთა მეფისა, და იყოს იგი მეფედ,მაშინ მოგითუალო საქართველო ყოველი’“
ხუტლუ-ბუღა ქუთაისს გაემგზავრა მეფედ დავით ნარინთან მოსალაპარაკებლად, იგი სიხარულით შეხვდა თავისი შვილის აღმოსავლეთ საქართველოში გამეფებას. ვინაიდან ვახტანგი დავით ნარინის მემკვიდრე იყო და მამის სიკვდილის შემდეგ ქვეყნის გაერთიანებასაც ეყრებოდა საფუძველი.
დავით ნარინმა ,,...მოუწოდა სპათა თავისთა წარმოემართა და თანა წარმოიტანა ძე მისი ვახტანგ. გადმოვიდეს და დადგეს ტაშისკარს ქვიშხეთის მინდორს. ’’ 1289 წლის ცხელი ზაფხული იდგა. ქვიშხეთის მინდორი კარვებითა და ცხენოსნებით გაივსო. აქ თავი მოიყარეს, არამარტო მონღოლთა წარჩინებულებმა,არამედ საქართველოს დიდებულებმაც. ,, აქა მოვიდეს სირმონ ნოინის შვილი ყონჩიბა, ალიყანის შვილი ყურუმჩი, რომელი დგის მთათა ჯავახეთისათა, რომელ არიან არტანსა და სამცხე შუა და ყოველნი დიდებულნი საქართველოსანი შემოკრებს. ’’
ქართველი დიდებულები სიხარულით შეხვდნენ დავით ნარინს და მის შვილს ვახტანგს.მისი გამეფებით ხომ მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა - საქართველოს გაერთიანება.
დავით მეფესაც ეს უნდოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეშინოდა, მისი შვილის გამეფების შემდეგ დიდებულებს მტრული მოქმედება არ დაეწყოთ, ამიტომ წამოჰყვა იგი შვილს, რათა ფიცი ჩამოერთმია მათთვის.
მართლაც, როგორც ჟამთააღწერელი მოგვითხრობს, ,,ჰყვეს ფიცი და სიმტკიცე ერთგულებისა და მოსცა ძე მისი მეფემან და მრავალნი თავადნი თანაწარმოეტანა.’’ თვითონ კი ქუთაისს გაბრუნდა.
ვახტანგ მეფე, ისტორიკოსის თქმით, ,,იყო ტანითა სრული, ჰაეროვანი, ტკბილ, მოწყალე, სამართლის მოქმედ, უხვი, დაბალი, ენა-ტკბილ, განმზრახი კეთილი, ყოვლისა საქმისა მცოდნე.’’ გასაკვირი არ არის, რომ როდესაც არღუნ ყაენის წინაშე წარსდგა, ,,იხილა ყაენმან ვახტანგ, შეიყუარა სიკეთისა მისისათვის.’’
მართალია, ვახტანგ II–ს სამ წელზე მეტი უმეფია (უდროოდ გარდაიცვალა), მაგრამ ქართველი დიდებულები ქვიშხეთის მინდორზე დადებული ფიცის ერთგულები აღმოჩნდნენ და გაჭირვების ჟამს ყოველთვის მის მხარეზე იყვნენ
0 коммент.:
Отправить комментарий